სააგენტო Reuters-თვის ცნობილი გახდა, რომ 7 მაისს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენლებს ევროკავშირის შვიდი სახელმწიფო გაგზავნის, მათ შორის საფრანგეთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ელჩის დონეზე.
ევროპელმა დიპლომატმა, ანონიმურობის პირობით, სააგენტოს განუცხადა, რომ ევროკავშირის 20 წევრი ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს პუტინის ინაუგურაციას, მაგრამ დარჩენილი შვიდი სახელმწიფო გაგზავნის თავის წარმომადგენლებს.
წყარომ Reuters-ს განუმარტა, რომ ინაუგურაციაზე საფრანგეთი წარმოდგენილი იქნება რუსეთში ელჩის დონეზე.
წყარომ დასძინა, რომ საფრანგეთმა ადრე დაგმო რეპრესიული გარემო, რომელშიც ჩატარდა არჩევნები. ასევე დაგმო არჩევნების ორგანიზება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლების დასწრებას ეწინააღმდეგება.