ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე ავიაიერიში მიიტანა.
მედიის ინფორმაციით, სამიზნე ღაზის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე პერიმეტრი გახდა, კერძოდ კი, ალ-შუკას, აბუ ჰალავასა და ალ სალამის ტერიტორიები.
6 მაისს ისრაელმა ქალაქ რაფაჰის ნაწილის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ნადავ შოშანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაფაჰში დაგეგმილი ოპერაცია იქნება „შეზღუდული მოცულობის“. მას ვადებზე არ უსაუბრია. შოშანის თქმით, ევაკუაცია დაახლოებით 100 ათას ადამიანს შეეხება და განხორციელდება ეტაპობრივად.
აღსანიშნავია, რომ ღაზის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ რაფაჰს დღეისათვის 1.4 მილიონამდე პალესტინელი აფარებს თავს.