„ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის მთავარი გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად“, - ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრის დაწყებისას.
მან მაგალითად მოიყვანა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.
„გარდა ამისა, ჩინეთი და ევროკავშირი იზიარებენ ინტერესს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ეფექტური ფუნქციონირების შესახებ.
ევროკავშირს და ჩინეთს სურთ კარგი ურთიერთობები და თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის გლობალურ წონას, ჩვენი თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ურთიერთპატივისცემის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუგებრობა და ვიპოვოთ გამოსავალი გლობალური გამოწვევებისთვის. ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ შემართულები ვართ, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირიც და ჩინეთიც კარგი ორმხრივი ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან.
„ამასთან, ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობებს ართულებს ბაზრის ხელმისაწვდომობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა და განმარტა, რომ ეს განსხვავებები იქნება პარიზში შეხვედრის თემა.