რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც "უცხოეთის აგენტებად" შერაცხულ პირებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ.
ცვლილებები შევიდა კანონში „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საამომრჩევლო უფლებების ძირითადი გარანტიებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების შესახებ“ და კანონში „რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნების შესახებ“.
ეს დებულება ვრცელდება ფედერალური სამთავრობო ორგანოების, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების სამთავრობო ორგანოების, ფედერალური ტერიტორიის საჯარო ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნებზე.
კანონის თანახმად, დაუშვებელია არჩევნებზე რეგისტრირებული კანდიდატი იმავდროულად ჩარიცხული იყოს უცხოეთის აგენტების რეესტრში.
ამასთან, იმ პირებს, რომლებიც კანონის ძალაში შესვლისთვის უკვე უკავიათ თანამდებობა საჯარო დაწესებულებაში და ამავე დროს აგენტების რეესტრში ირიცხებიან, დაჩქარებული წესით შეუწყდებათ უფლებამოსილება, თუ კანონის ძალაში შესვლიდან 180 დღის განმავლობაში ისინი არ იქნებიან ამოწერილნი "უცხოეთის აგენტების" რეესტრიდან.
კანონი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ფედერალური საკანონმდებლო ორგანოს წევრის, სენატორისა და დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე ჩამორთმევას, თუ მათ უცხოეთის აგენტებად შერაცხავენ.
ამავდროულად, უცხოეთის აგენტების რეესტრში ჩარიცხულ პირებს არ ექნებათ არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობის უფლება.