რუსეთი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის განკარგულების თანახმად, დაიწყეს მზადება წვრთნებისთვის, რათა "გაიზარდოს არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნა საბრძოლო მისიების შესასრულებლად".
მათივე განცხადებით, წვრთნების მიზანია, "უპირობოდ უზრუნველვყოთ რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების ფონზე".
წვრთნები "უახლოეს მომავალში" გაიმართება. მათში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთის სამხედრო ოლქი და სამხედრო-საზღვაო ფლოტი.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი
სტრატეგიული კონტინენტთაშორისი ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მცირე სიმძლავრე და დიაპაზონი აქვს. არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია, კერძოდ, ბელარუსში ახლახან განლაგებული ისკანდერის სარაკეტო სისტემებით. რუსეთს აქვს ასეთი იარაღის ყველაზე დიდი მარაგი მსოფლიოში. ისინი ბრძოლის ველზე არასდროს გამოუყენებიათ. სსრკ ატარებდა წვრთნებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. ასეთი წვრთნები თანამედროვე რუსეთში არასდროს ჩაუტარებიათ. რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთმა ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.