ბრაზილიის სამხრეთ შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. 115 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. იუწყება Reuters.
დაკარგულად 105 ადამიანი არის მიჩნეული.
ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობამ დააზარალა შტატის თითქმის 500 ქალაქის ორ მესამედზე მეტი. წვიმამ ზოგიერთ ქალაქში გაანადგურა გზები და ხიდები, ასევე გამოიწვია მეწყერი და ჰიდროელექტრო კაშხლის ნაწილობრივი ჩამონგრევა. 400 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შტატის მოსახლეობის თითქმის მესამედს კი წყალი არ მიეწოდება.
ქვეყნის პრეზიდენტი ლულა და სილვა დაზარალებულ შტატში ჩავიდა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო და აღდგენის სამუშაოები განიხილოს.
შტატის გუბერნატორის ედუარდო ლეიტეს განცხადებით, „ეს არის სამხედრო სცენარი და საჭირო იქნება ომის შემდგომი ზომების მიღება“
სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ მოხალისეები, რომლებიც იყენებენ ნავებს, ჰიდროციკლებს და პირად უნარებს. ერთ-ერთმა ასეთმა მოხალისემ, ფაბიანო სალდანიამ, რომელიც ცხოვრობს შტატის დედაქალაქ პორტო ალეგრეში, თქვა, რომ მან და კიდევ სამმა მოხალისემ პარასკევის შემდეგ გადაარჩინეს წყალდიდობისგან დაახლოებით 50 ადამიანი.
"ერთადერთი, რაც გვესმის, როცა გარეთ გავდივართ, არის "დაგვეხამრეთ", "დაგვეხმარეთ", - თქვა ფაბიანო სალდანიამ.
შტატი მდებარეობს ტროპიკული და პოლარული ატმოსფეროს გეოგრაფიულ კვეთაზე, რამაც გამოიწვია ამინდის ასეთი ფორმირება ძლიერი წვიმისა და გვალვის პერიოდებით. ადგილობრივი მეცნიერები ამბობენ, რომ ამინდის ასეთი ფორმირება უფრო ინტენსიური ხდება გლობალური დათბობის გამო.