2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში დაფიქსირდა ანტისემიტიზმის ყველაზე დიდი ტალღა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შესახებ ნათქვამია თელ-ავივის უნივერსიტეტისა და ამერიკული ორგანიზაციის Anti-Defamation League (ADL) ერთობლივ კვლევაში, რომელიც 5 მაისს გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშული, მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის დაწყებამდე, თუმცა ღაზაში კონფლიქტმა მეტად დააჩქარა მოვლენათა განვითარება.
ეს კვლევა ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც მიღებულია სამთავრობო უწყებებიდან, ებრაული ორგანიზაციებიდან და მედიასაშუალებებიდან. კვლევის ავტორების თქმით, 2023 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ანტისემიტური ინციდენტების მნიშვნელოვანი ზრდა ისეთ ქვეყნებში, სადაც მრავალრიცხოვანი ებრაული დიასპორაა, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
შეერთებულ შტატებში, სადაც დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი ცხოვრობს, 2023 წელს დაფიქსირდა 7500 ინციდენტი, მათი უმეტესობა მოხდა ოქტომბრიდან დეკემბრამდე, ანუ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ. შედარებისთვის, 2022 წელს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3700 ინციდენტი დაფიქსირდა.
გერმანიაში 2023 წელს ანტისემიტიზმის 3600 შემთხვევა აღირიცხა, 2024 წელს - 2600.
"თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ებრაელებისთვის მალე შეუძლებელი გახდება თავიანთი იდენტობის ღიად გამოხატვა", - ნათქვამია კვლევაში.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, ერთ-ერთი მთავარი სირთულე თანამედროვე ანტისემიტიზმთან ბრძოლაში არის ის, რომ ის გვხვდება როგორც უკიდურესი მემარჯვენეების, ასევე უკიდურესი მემარცხენეების მომხრეებში და საზოგადოების საშუალო ფენის წარმომადგენლებშიც კი.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ჰამასმა განახორციელა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.
ტერორისტებმა განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა ისრაელზე და, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მოახდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე მასიური ხოცვა-ჟლეტა ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში. ჰამასის თავდასხმას 1200-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 250-მდე კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა. ქვეყნის არმია მასიურ დარტყმებს ახორციელებს ამ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე, რომელიც ჰამასის მმართველობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სექტორში მიმდინარეობს ისრაელის არმიის სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.