ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატეგორიულად გამორიცხა შეასრულოს ჰამასის მოთხოვნა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ომის დასრულების შესახებ.
ჰამასის დელეგაციამ განაცხადა, რომ დატოვებს კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებს თავის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებისთვის.
კატარი, სადაც ჰამასს აქვს წარმომადგენლობითი ოფისი და ეგვიპტე მოლაპარაკებებში შუამავლების ფუნქციას ასრულებენ.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური დაზვრევის სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი, რომელიც კაიროში იმყოფებოდა, მიემგზავრება დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრთან საგანგებო შეხვედრისთვის.
„ბერნსი მიემართება დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრთან საგანგებო შეხვედრისთვის, რომლის მიზანია მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს ისრაელსა და ჰამასზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - იუწყება გამოცემის წყარო.
პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით,
ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებთან მოლაპარაკებების მეორე დღეს, ჰამასის ოფიციალურმა პირებმა შეინარჩუნეს პოზიცია, რომ ზავის ნებისმიერმა შეთანხმებამ ომი უნდა დაასრულოს.
ისრაელის ოფიციალური პირები კაიროში მოლაპარაკებებისთვის არ ჩასულან, თუმცა ნეთანიაჰუმ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელის მიზანია ჰამასის დემილიტარიზაცია და ლიკვიდაცია.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზადაა შეაჩეროს საომარი მოქმედებები ღაზაში, რათა მიაღწიოს ჰამასის მიერ დაკავებული 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლებას.
„მაგრამ ვიდრე ისრაელი ავლენს თავის მზადყოფნას, ჰამასი მაინც დაჟინებით მოითხოვს ჩვენი ძალების გაყვანას ღაზის სექტორიდან, ომის დასრულებას და ჰამასის ხელისუფლებაში დატოვებას, ისრაელი ამას ვერ მიიღებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.