ისრაელში არაბულენოვანი ტელეკომპანია Al Jazeera, რომელიც კატარიდან მაუწყებლობს, ისრაელში დაიხურება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარიმ ხელი მოაწერა ბრძანებას არხის საკაბელო და სატელიტური პროვაიდერების ქსელიდან ამოღებისა და მისი ვებგვერდის დაბლოკვის შესახებ. „ისრაელში ჰამასის სიტყვის თავისუფლება არ იქნება“, - ციტირებს სააგენტო AFP კარის სიტყვებს.
1-ელ აპრილს ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყანაში „მტრული მედიის“ დახურვას ითვალისწინებს. დოკუმენტს „ალ ჯაზირას კანონს“ უწოდებენ, რადგან ის ამ ტელეარხის წინააღმდეგ არის მიმართული.
კანონის თანახმად, ისრაელის კომუნიკაციების მინისტრს, პრემიერ-მინისტრის თანხმობით, შეუძლია გასცეს ბრძანება, შეწყდეს უცხოური არხის მაუწყებლობა ისრაელიდან და ისრაელის ტერიტორიაზე, თუ ეს რეალურად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. გარდა ამისა, კომუნიკაციების სამინისტრომ შეიძლება გასცეს ბრძანება ასეთი მედიის ოფისების დახურვისა და ვებგვერდის დაბლოკვის შესახებ.
თეთრ სახლში მაშინ განაცხადეს, რომ თუ დადასტურდება ცნობები ალ ჯაზირას დახურვის გეგმის შესახებ, ეს იქნება "შემაშფოთებელი", რადგან ისრაელის ხელისუფლების ეს ქმედება არის სიტყვის თავისუფლების პირდაპირი დარღვევა.