ევროპულმა სადაზვერვო სააგენტოებმა გააფრთხილეს თავიანთი მთავრობები, რომ რუსეთი ემზადება დივერსიების მოსაწყობად მთელი ევროპის მასშტაბით. იუწყება გამოცემა Financial Times-ი.
დაზვერვის წარმოამდგენლების განცხადებით, მოსკოვის გეგმის თანახმად, დივერსიები მოიცავს აფეთქებებს, ხანძრის გამოწვევასა და ინფრასტრუქტურის დაზიანებას.
როგორც იუწყებიან, ამ მოსაზრებას იზიარებს გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი თომას ჰალდენვანგი. ამ ფონზე, გერმანიაში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც გერმანიის სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
Financial Times-ი ასევე წერს, რომ აპრილის ბოლოს დიდ ბრიტანეთში ორ ადამიანს ბრალი დასდეს უკრაინისთვის გათვალისწინებული ჰუმანიტარული დახმარების მარაგების საწყობისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ბრიტანელი პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულებს კავშირი აქვთ რუსეთთან.
შვედეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სადაზვერვო სააგენტოები იძიებენ რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთთან კავშირების მქონე ადამიანები არიან ჩართული. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რუსეთის შესაძლო დივერსიის შესახებ საფრანგეთის სამხედრო ობიექტებზე.
ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირმა Financial Times-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს უსაფრთხოების სამსახურები იღებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის ქმედებები კოორდინირებული და მასშტაბური იქნება.
მისი თქმით, რუსეთის მოსალოდნელი აქტივობა დაკავშირებულია კრემლის სურვილთან, მაქსიმალურად გააძლიეროს ზეწოლა ევროპაზე დეზინფორმაციის, დივერსიისა და ჰაკერული თავდასხმების გზით.
Financial Times-ის ცნობით, ევროპის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურები მაქსიმალურ მზადყოფნაში არიან.