ლონდონის მერმა სადიკ ხანმა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, ბრიტანეთის დედაქალაქის მერის არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა.
ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, რადგან სადიკ ხანის წინამორბედები ლონდონის მერის თანამდებობას მხოლოდ ორი ვადით იკავებდნენ.
ლონდონის მერის არჩევნები, ინგლისის სხვა რეგიონებში ადგილობრივი საბჭოების არჩევნებთან ერთად, 2 მაისს გაიმართა.
ხანმა მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც არჩევნებში მონაწილეთა 43,7%-ს შეადგენდა. მისმა კონკურენტმა კონსერვატიული პარტიიდან სიუზან ჰოლმა 10%-ით ნაკლები ხმა მიიღო.
ხანმა ლონდონის მერის პოსტზე ბორის ჯონსონი 2016 წელს შეცვალა და 2021 წელს ის ხელახლა აირჩიეს.
ინგლისის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც ექსპერტების მოსაზრებით, შესაძლოა, მიუთითებდეს მათ კარგ შანსებზე საყოველთაო არჩევნებში, რომელიც ბრიტანეთში ერთ წელზე ნაკლებ დროში უნდა გაიმართოს.
ლეიბორისტებმა მოიპოვეს დამატებით 231 ადგილი რეგიონულ საბჭოებში, ხოლო მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ დაკარგა 396 ადგილი, ხმების წინასწარი დათვლის შედეგების თანახმად.
შედეგად, მანდატების აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით, კონსერვატორები მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ და არა მარტო ლეიბორისტებს, არამედ ლიბერალ-დემოკრატებსაც ჩამორჩნენ. ლეიბორისტების კონტროლქვეშ ინგლისში 50 რეგიონული საბჭო იქნება - თითქმის ნახევარი. კონსერვატორებს მხოლოდ ექვსი დარჩებათ.