ბრაზილიის სამხრეთ შტატში, რიუ-გრანდე-დუ სულში, გადაუღებელი წვიმების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 74 კი დაკარგულად არის მიჩნეული. რეკორდულმა წყალდიდობამ გაანადგურა ქალაქები და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინა. იუწყება Guardian.
ეს არის მეოთხე ასეთი ეკოლოგიური კატასტროფა წელს, ივლისის, სექტემბრისა და ნოემბრის წყალდიდობის შემდეგ, რომლებმაც 75 ადამიანი იმსხვერპლა.
ბრაზილიის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შტატის მასშტაბით წყალდიდობამ გადააჭარბა იმას, რაც 1941 წლის ისტორიული კატასტროფის დროს მოხდა. ამასთან, ზოგიერთ ქალაქში წყლის დონე ყველაზე მაღალი იყო ბოლო 150 წლის განმავლობაში.
ხუთშაბათს, 2 მაისს კაშხალი ქალაქებს ბენტო-გონსალვესსა და კოტიპორას შორის ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც მდინარე ტაკვარის ხეობაში მდებარე ქალაქები, ლაჟეადო და ესტრელა, მთლიანად დაიტბორა.
ქალაქ ფელიზში, პორტო-ალეგრის შტატის დედაქალაქიდან 80 კილომეტრში, ადიდებულმა მდინარემ დაანგრია მეზობელ ქალაქ ლინჰა ნოვასთან დამაკავშირებელი ხიდი. შტატის მასშტაბით შეწყდა ელექტროენერგია და წყლის მიწოდება, ასევე სხვა საკომუნიკაციიო საშუალებები. 23 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
კოკისპირული წვიმები ორშაბათს დაიწყო. სპეციალისტების განცხადებით, ძლიერი ნალექი შაბათის საღამომდე გაგრძელდება.
.