დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
ბრიტანეთის ლიდერმა შეაფასა გერმანიასთან კავშირების გაძლიერება. მანამდე მან განაცხადა, რომ ბრიტანეთი 2030 წლისთვის გაზრდის თავდაცვის ხარჯებს წელიწადში მშპ-ის 2.5%-მდე.
სუნაკის თქმით, ეს არის ბიძგი ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რომ მის მაგალითს მიბაძონ.
”ჩვენ ვალდებული ვართ შევქმნათ ახალი ჩარჩო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ ვაფართოვებთ ჩვენს სამრეწველო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, როგორც თქვენ თქვით, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება," - თქვა სუნაკმა შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სუნაკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის იმის ჩვენება, რომ ევროპა ნატო-ს ერთგულია.
„ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ამერიკელები გადაიხდიან რაიმე საფასურს, აიღებენ რაიმე ტვირთს, თუ ჩვენ ევროპაში არ ვიქნებით მზად ამ მსხვერპლის გასაღებად და ამ ინვესტიციებისთვის და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სუნაკმა.