ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული საჰაერო შეტევა დაგმეს მსოლფიო ლიდერებმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გმობს ირანის თავდასხმას ყველაზე მტკიცე ფორმით, რაც კი შესაძლებელია.
ბაიდენის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის ლიდერს შეერთებული შტატების "რკინის ერთგულება" ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.
აშშ-ს ლიდერმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გამანადგურებლები დაეხმარნენ ისრაელს თავდასხმის განეიტრალებაში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ძალებზე ან ობიექტებზე თავდასხმა არ მომხდარა, ვაშინგტონი "ფხიზლად დარჩება ყველა საფრთხის მიმართ" და "არ დააყოვნებს ყველა საჭირო მოქმედების განხორციელებას ჩვენი ხალხის დასაცავად".
ბაიდენმა თქვა, რომ მოგვიანებით შეხვდება G7-ის სხვა ლიდერებს, რათა კოორდინირება გაუწიოს "ერთიანი დიპლომატიური" პასუხის გაცემას თავდასხმაზე.
ირანის თავდასხმა დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, კანადამ და არგენტინამ.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თავდასხმა იყო "გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლო".
მისი თქმით, გერმანია დგას ისრაელის გვერდით და განიხილავს სიტუაციას მოკავშირეებთან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა განცხადება, რომ "ასეთი უპრეცედენტო ქმედებით, ირანმა გადალახა ახალი ბარიერი დესტაბილიზაციის კუთხით და რისკავს პოტენციურ სამხედრო ესკალაციას".
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი ერი "ცალსახად გმობს ირანის საჰაერო თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ".
მისი თქმით, ქვეყანა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და მოსახლეობა.
ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკიმ.
მისი თქმით, ბრიტანეთი გეგმავს დაიცვას ისრაელისა და მისი რეგიონალური პარტნიორების, მათ შორის ერაყისა და იორდანიის უსაფრთხოება. სუნაკმა დასძინა, რომ ლონდონი მუშაობს მოკავშირეებთან, რათა მოახდინოს "სიტუაციის სტაბილიზაცია და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება". "არავის სურს მეტი სისხლისღვრა", - დასძინა მან.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.
"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ბორელმა თეირანის ქმედებას "უპრეცედენტო ესკალაცია და რეგიონული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე" უწოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „მტკიცედ დაგმო“ ირანის თავდასხმა ისრაელზე.
"მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ეს თავდასხმები..." - დაწერა მან 14 აპრილს დილით და მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან და აღადგინონ სტაბილურობა რეგიონში.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ისრაელმა, აშშ-ისა და იორდანიის დახმარებით, ირანის თავდასხმის 99% გაანეიტრალა.
რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიაიერიში განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის ორი გენერალი. თეირანმა ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობას თავდასხმაზე, ხოლო ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს „დასჯით“ დაემუქრა.