ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თითქოსდა უმრავლესობის მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა. ამას სხვა სახელი ნამდვილად არ ჰქვია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგძემ განაცხადა.
რატი ბრეგაძის განმარტებით, ოპონენტებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსი საერთოდ არ აინტერესებთ.
„ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარები, რომლებიც საუბრობენ, რომ შინაარსი საერთოდ არაა საინტერესო. არა, მეგობრებო, შინაარსი ნამდვილად საინტერესოა და თუკი ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც ხდება არგუმენტების გაცვლა, აუცილებელია კამათი, მათ შორის, დემოკრატიული მეთოდებით, ოღონდ შინაარსზე და არა იმაზე, რომ მე უბრალოდ საერთოდ არ მაინტერესებს, რა იქნება, მთავარია, ეს კანონი არ გავიდეს, მას დავარქმევ, რასაც მინდა, როგორც მინდა, ვიტყვი, რაც გამიხარდება და გავავრცელებ ტყუილს. ეს არის ოპოზიციისა და ოპონენტების დღევანდელი მოქმედება, რომლებიც საუბრობენ ამ კანონზე. სრულიად უმგვანო და სამარცხვინო ტყუილია, რომელსაც ავრცელებენ, მათ შორის, თავიანთ ე.წ. ცნობილ ფეისბუქბანერებზე, სადაც წერია, თითქოსდა კანონი მტრად აცხადებს ამერიკას და ევროპას. ეს ხომ სრული მარაზმია და საერთოდ დაუშვებელია, მოიგონო ტყუილი, თითქოს კანონი მტრად აცხადებს ევროპას და ამერიკას.
ამ ხალხს იმასაც შევახსენებდი, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღო კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სადაც მოხდა ოფიციალურად, კონსტიტუციურ დონეზე საგარეო პოლიტიკური კურსის დეკლალირება, არათუ მხოლოდ დეკლალირება, ის განისაზღვრა, როგორც კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულება. შესაბამისად, ჩემი პირადი შეფასებით, მტკიცება, ასეთი ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თითქოსდა უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას, არის სრული უნამუსობა. ამას სხვა სახელი ნამდვილად არ ჰქვია, ეს კიდევ ყველაზე რბილი ფორმულირებაა, რაც პირადად შემიძლია გამოვიყენო. აქ მაქვს კანონპროექტი, შემიძლია, მათ ვაჩუქო, თუმცა წაკითხვა არ უნდათ, თორემ პარლამენტშიც შეუძლიათ, იხილონ ეს კანონპროექტი, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით, გაეცნონ მას. როგორც თავად აცხადებენ, შინაარსის არც წაკითხვა და არც მოსმენა არ უნდათ. მათ დამშვიდებაზე, რა თქმა უნდა, ვერ იზრუნებს ჩვენი გუნდი, ჩვენი გუნდის საზრუნავი არის, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და დემოკრატიული პროცესების სრულად გამჭვირვალობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის შეფასებით, მას, ვინც საკუთარი ფინანსების დეკლალირების წინააღმდეგია, ალბათ ამის გარკვეული მიზეზიც აქვს.
„მე ამას არ ვამტკიცებ, გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა დამალო ადამიანმა ან ორგანიზაციამ საკუთარი ფინანსები, როდესაც არაფერი გაქვს დასამალი? ჩემი პირადი მოსაზრებაა, ესე იგი, მათ აქვთ რაიმე დასამალი. მაგალითად, მე რომ არ გავაკეთო დეკლალირება ან რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არ წარმოადგინოს დეკლარაცია, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი მოჰყვება იმავე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ იყოს გამჭვირვალე. თუკი ადამიანს მოუწოდებ, რომ იყოს გამჭვირვალე და ამაში ნამდვილად ვეთანხმებით, ჩვენი აზრები ემთხვევა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ თავადაც იყოს გამჭვირვალე? ეს ფაქტი არის აუხსნელი და ნამდვილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ იმ ორგანიზაციას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონპროექტს, თავად აქვს მრავალი რამ დასამალი.
რაც შეეხება ცენზურას, როგორც მოგეხსენებათ, ცენზურა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. ეს ნამდვილად საბჭოთა წარსულია, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად დავემშვიდობეთ, თუმცა ის ხალხი, რომელზეც გუშინ საუბრობდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, ნამდვილად ცდილობს, მათ შორის, სხვა დიდი პლატფორმებიც შეიყვანოს შეცდომაში და აჩვენოს, თითქოს სამთავრობო გუნდის მხარდამჭერები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც ნამდვილად სირცხვილია და საბჭოთა ხელწერაა. შემთხვევით არ ვეძახი ხოლმე ამ გუნდს ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.