გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შემობრუნებით გადაწყვიტეს, არჩევნებამდე მოასუფთაონ ველი, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს კანონი არ გავატანინოთ, ჯერ ქუჩაში ბევრი ხალხი და შემდეგ არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
„არ მგონია, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომელი კომიტეტი განიხილავს ამას. საფრთხე არის ძალიან კონკრეტული – 2030 წელს დაგეგმილია ევროკავშირის გაფართოება და ჩვენ გვაქვს შანსი, მოვხვდეთ გაფართოებაში. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში რეფორმების გატარება, რომელზეც გველაპარაკებიან დასავლეთიდან. ეს უფლებები ეხება მართლმსაჯულების სისტემებს, საარჩევნო სისტემაში რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას და დეოლიგარქიზაციას. ამ რეფორმების გატარება ამათთვის – რუსები რომ გვყავს ხელისუფლებაში, ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას. ისინი უბრალოდ ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს, რომ არჩევნებამდე მოასუფთაონ ველი, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც ეს არის რუსეთში. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ვერავინ იტყვის, სხვა რა მიზეზის გამო შეიძლება, შემოეტრიალებინათ კანონპროექტი პარლამენტში. ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდნენ ესენი, სხვა გზა არ არის. ესენი გონზე ვერ მოეგებიან, რუსები გონზე ვერ მოეგებიან და ამ ქვეყნის ინტერესებს ვერ გაატარებენ. ჯერ ქუჩაში ბევრი ხალხი – ეს კანონი არ გავატანინოთ და შემდეგ უკვე არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.