ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო. იუწყება Reuters
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13 წევრმა სანქციების განახლებას მხარი დაუჭირა, ჩინეთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
„მოსკოვმა ძირი გამოუთხარა მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკითხის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივას“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა.
„ეს ვეტო ძირს უთხრის ექსპერტების მუშაობას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმს და უშიშროების საბჭოს უნარს აღასრულოს თავისი რეზოლუციები. ეს მომდინარეობს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის გაყიდვის შესახებ შეთანხმებიდან, უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით. მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემით, რომელსაც რუსეთი ამ წლის დასაწყისიდან იყენებს უკრაინაში უკანონო ომისთვის“, - განაცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა.
ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან გაერო-ს სანქციების ქვეშაა ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამებისთვის და ეს ზომები წლების განმავლობაში გაძლიერდა.
გაერო-ს სანქციები დაწესებულია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ რუსეთმა ვეტო დაადო სანქციების ყოველწლიურად განახლების შესახებ მოთხოვნას.
საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული იარაღის, მათ შორის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გაზრდას, გასული წლის ნოემბერში კოსმოსში სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა.