ევროკავშირმა, პირველად მსოფლიოში, დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს დაარეგულირებს.
13 მარტს შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც შეთანხმებული იქნა 2023 წლის დეკემბერში ევროპარლამენტსა და ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების დროს, ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში 523 ხმით დაამტკიცეს.
წინააღმდეგი იყო 46 ევროპარლამენტარი, 49-მა თავი შეიკავა. „ევროპა ახლა ადგენს გლობალურ სტანდარტებს სანდო ხელოვნური ინტელექტისთვის“, –განაცხადა ევროკომისარს შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა.
კანონი დაარეგულირებს AI-ს გამოყენებას ბიზნესებსა და ორგანიზაციებში. ის მოიცავს ყველა სფეროს, ჯანდაცვის სისტემიდან სამართალდამცავ უწყებებამდე. სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე კანონი ასევე აკრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ემოციების ინტერპრეტირებისთვის.
როგორც ევროპარლამენტის კომუნიკეშია ნათქვამი, რეგულაციის მიზანია „ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და გარემოს მდგრადობის დაცვა მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტისგან, ასევე ინოვაციების სტიმულირება და ევროპის ლიდერად ჩამოყალიბება ამ სფეროში“.