პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან შეხვედრის შესახებ პარტია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხიდაშელმა თავად დაურეკა და უთხრა, რომ საინტერესო მოსაზრებები აქვს აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.
"[ხიდაშელს] არავითარი სტატუსი არ გააჩნია, არავის სახელით არ ლაპარაკობდა. ზოგიერთი ადამიანი არის ასეთი, თავიანთ მოსაზრებებს ხშირად უზიარებენ მეორე ადამიანს. არ ვიცნობდი და გავიცანი - თვალმოკრული მყავს, მაგრამ ურთიერთობა არ მქონია. დამირეკა, ზარი გამოუშვა ჩემთან და თქვა, რომ საინტერესო მოსაზრებები აქვს აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით. ეს იყო და ეს... ხმა თუ ისმის, მოვუსმენ, მაგრამ ისეთი სიტყვა და წინადადება, რომელიც უპირისპირდებოდა იმ პოლიტიკას, რომელიც გვაქვს, არ ყოფილა". - ამბობს ვოლსკი ტვ პირველთან საუბრისას.
ვოლსკის თქმით, ბიზნესმენთან შეხვედრისას მხარეებს არც რუსეთთან ბიზნეს ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობა განუხილავთ.
"ჩერეზ რუსეთი არ შეიძლება-თქო შესვლა, ადამიანებს იჭერენ ამის გამო. კანონი არ უნდა დაირღვეს-თქო. აფხაზეთის ტერიტორიაზეა საუბარი, ფსოუდან არც შესვლა, არც გამოსვლა კანონით არ შეიძლება...
რა ხორბალზე ლაპარაკობთ? არანაირ ბიზნესზე, არანაირ თემაზე, რომელიც რომელიც ეხება კონკრეტულ ისეთ საქმეს, რასაც შეიძლება დაარქვა რაღაც საკითხების განხილვა, ასეთი თემა არ ყოფილა ზოგადად. ვთქვით, რომ რუსეთზე მნიშვნელოვნად არის საქართველო დამოკიდებული ფქვილით, ხორბალზე არაფერი...
რუსეთთან ურთიერთობის რაიმე თემა განხილული არ ყოფილა, გარდა იმისა, რაზეც იყო ლაპარაკი - თქვა, რომ კარგი იქნება დავუბრუნდეთ, იმ შეთანხმებას, რომელიც ჰქონდა საქართველოს 2011 წელს". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
პოლიტიკურმა გაერთიანება „დროამ“ გაავრცელა ვიდეო გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრასთან დაკავშირებით.
„დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები:
აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.