გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ნაციზმის პროპაგანდა და ფაშიზმის იდეოლოგიის გაზიარებაც კი დასჯადია. ანტისემიტიზმის გამოვლენა სოციალურ მედიაშიც ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებს. გერმანია გმობს სიძულვის ენას, რომელშიც ანტისემიტური იდეოლოგიაა გამოხატული.
თანამედროვე მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ რა საშინელი შედეგი მოიტანა ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელი ხალხის მასობრივმა გენოციდმა, რასაც ე.წ „რჩეული ერის“ ჩამოყალიბებისთვის ატარებდა, როგორც კრიმინალურ ექსპერიმენტს. საჭიროა პოსტ-ნაცისტური ეტაპის უკეთ გააზრება, რამაც გარდატეხა მოახდინა ცალკეულად სხვადასხვა ერებში და მათ მსოფლმხედველობაში, ასეთ ერებს შორის პირველ ადგილს კი გერმანია იკავებს. ზემოაღნიშნული ცვლილებები აისახა სახელმწიფოების პოლიტიკასა და საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც გატარდა მსოფლიოს მასშტაბით სწორედ იმისთვის, რომ ანტისემიტიზმის ღრმად გადგმული ფესვები თანამედროვე სამყაროში რაც შეიძლება შესუსტებულიყო.
დღევანელ რეალობაში შეიძლება ითქვას, რომ არსებობს გერმანიის პრეცენდენტი და გერმანელი ხალხის გამოცდილება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მესამე რაიხის მისწრაფებებისგან. ამ ყოველივემ ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვია, როგორც გერმანულ კულტურაში,მორალსა და ღირსეულობაში, ასევე პასუხისმგებლობის შეგრძნებასა და ჰუმანიზმის მკაფიო გამოვლინებაში.
სანდო კვლევების მიხედვით ისეთი მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, როგორც გერმანიას აქვს დღევანდელ რეალობაში ჯერ არცერთი ქვეყანა არ ატარებს. გერმანიაში არსებული კანონის შესაბამისად დასჯადია გერმანული ნაციზმის პროპაგანდა და ფაშიზმის იდეოლოგიის გაზიარება, არამხოლოდ ყოფით, რეალურ ცხოვრებაში, არამედ სოციალურ მედიაშიც კი ამის აფიშირება ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს. გერმანია გმობს სიძულვილის ენას, რომელშიც შეფარულად თუ ცხადად იკვეთება ანტისემიტური განწყობა.
ასეთი რეგულაციები და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, არაადამიანური ტერორის შემდეგ, რაც ჰოლოკოსტის ტოლფასი იყო, დაიწყო რა ისრაელ-ჰამასის ომი ცხადი გახდა, თუ როგორმა თანამედროვე ანტისემიტიზმის ტალღამ გადაუარა მთელ მსოფლიოს. მალევე 2023 წლის 22 ოქტომბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაიზერმა ისრაელის ელჩ რონ პროსორთან შეხვედრის შემდგომ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონი ქვეყნიდან ანტისემიტების მიმართ მოქალაქეობის მიღების საკითხებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლის თანახმად გერმანია შეეცდება დაბლოკოს და არ გასცეს მოქალაქეობა ყველა იმ პირზე, რომელიც გამოავლენს ანტისემიტურ დამოკიდებულებასა და/ან უშუალოდ ქმედებას. აღნიშნულს მოყვა აქცია ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა.
ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის პერიოდში გერმანიამ მკაცრი პოზიცია დაიჭირა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ მიუღებელი, სამარცხვინო და დასაგმობია იმ ქვეყანაში თანამედროვე ანტისემიტიზმის ნიშნები, რომელმაც ერთ დროს თავად ჩაიდინა ჰოლოკოსტი.
მკაცრი პოზიცია დაიჭირა თავად გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელმაც ყოველი თავდასხმა ებრაელებსა და ებრაულ ინსტიტუტებზე გერმანიის პირად შეურაცხყოფად განმარტა, პრეზიდენტი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გერმანელი ხალხის სამოქალაქო ვალდებულებად თვლის.
ანტისემიტიზმთან დაკავშირებით, 2021 წლიდან, სწორ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინის სახელმწიფოც. უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მკაფიოდ განმარტავს ანტისემიტიზმის მნიშვნელობას და ამასთანავე კრძალავს მას ქვეყანაში. უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით - 283 ხმით დაამტკიცა ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელმოსაწერად გადაეცა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის.
დღეის მდგომარეობით უკრაინაში მოქმედებს კანონი ანტისემიტიზმის პრევენციისა და აკრძალვის შესახებ N5110.
უკრაინაში ანტისემიტიზმი ისჯება ჯარიმით 200-დან 500-მდე ა.შ.შ დოლარი, მოქალაქეთა დაუბეგრავი მინიმალური შემოსავლით (3,400-8,500 უკრაინული გრივნა) ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, უფლების ჩამორთმევით დაიკავოს გარკვეული თანამდებობები ან ეწეოდეს გარკვეულ საქმიანობას, 3 წლამდე ვადით.
იგივე, ქმედება, განხორციელებული ძალადობით, თაღლითობით და/ან მუქარით, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, ისჯება ჯარიმით 8,500-დან 17,000-მდე უკრაინული გრივნით და/ან თავისუფლების აღკვეთით 2-5 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, 3 წლამდე ვადით. იგივე დანაშაული ჩადენილი პირთა დაჯგუფების მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით.
2023 წლის 08 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა „ანტისემიტიზმი აღდგა, როგორც სიტყვებში, ასევე კედლებზე, საფრანგეთის რესპუბლიკა არ მიდის და არც წავა კომპრომისზე, ჩვენ ვიქნებით შეუბრალებლები მათ მიმართ, ვინც ამ სიძულვილს თან ატარებს“. “ჩვენ არასდროს დავეთანხმებით ანტისიონიზმს, რადგან ეს არის ანტისემიტიზმის ახალი ფორმა.“ საფრანგეთის არც ერთ წინა პრეზიდენტს, არც ნიკოლა სარკოზის და არც ფრანსუა ოლანდს არასდროს დაუკავშირებია ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან ასე ზუსტად. ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთში 1,500-ზე მეტი ანტისემიტური აქტივობა და განცხადება გამოვლინდა. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტურ ქმედებებზე და ტერორიზმის გამართლებაზე სულ 330 გამოძიება დაიწყო.
1998 წელს, შვედეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გორან პერსონმა, დააფუძნა „ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი“ (IHRA), როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელშიც 35 წევრი და 9 დამკვირვებელი ქვეყანაა. ალიანსის წევრებს შორისაა საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ალბანეთი და თურქეთი აღნიშნული ორგანიზაციის ჩამოყალიბება განპირობებული იყო როგორც ჰოლოკოსტით, ასევე ბოშების გენოციდით.
ალიანსის თითოეული წევრი ქვეყანა ემხრობა ისეთ საერთაშორისო პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც მართებულია ანტისემიტიზმთან და ბოშების მიმართ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. თითოეულმა ქვეყანამ, რომელიც აპირებს შეუერთდეს IHRA-ს, აუცილებელიად შექმნას საკუთარ დელეგაცია, რომელიც დაკომპლექტებულია ჰოლოკოსტის წამყვანი ექსპერტებით.
დღეს ისე, როგორც არასდროს, მარტივია მიზანმიმართული პროპაგანდით ადამიანთა ტვინების სრული გამორეცხვა, მათი, როგორც გონების, ასევე ემოციების მართვა დღეს ყველაზე ადვილია, თუმცა არაფერია ასევე იმაზე მარტივი დაინახო რეალობა, თუკი ამის სურვილი თავად გაქვს, დაინახო ის აშკარა ნიშნები, რომელიც გამძვივნარებულად ვითარდება და იზრდება ყოველდღიურად, ნიშნები, რომელიც თავისი ხასიათით წარსულში გვაბრუნებს და კიდევ ერთხელ გვაყენებს უდიდესი საფრთხის წინაშე, როდესაც ჰოლოკოსტზე და გამოწვეულ ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, ყველა ჩვენგანს მხოლოდ ერთი სიტყვა გვიჩნდება გონებაში - „დაე აღარასდროს განმეორდეს“, „აღარასდროს“., ლიტონი სიტყვები არაფერს ნიშნავს „აღარასდროს“ არის დღეს! დღეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც თანამედროვე მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ყველა საჭირო ბერკეტით ხელი შეუწყოს სწორედ იმას, რომ წარსულის შეცდომები აღარასდროს განმეორდეს.
მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ აშკარა ბრძოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მეგობარი ქვეყნის მკაფიო და მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან გერმანია ამ მხრივ წამყვან პოზიციას იკავებს, სხვა ქვეყნებმა უნდა აიღონ მაგალითი და მიბაძონ მას, რათა გაერთიანებული ძალებით შეაჩერონ ანტისემიტიზმის ახალი ტალღა.
ადამიანების მთავარი საზრუნავი ამ პლანეტაზე მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა იყოს და არა ერთმანეთის დევნა, კიდევ ერთი სირცხვილი რთულად ჩამოსარეცხი იქნება ჩვენთვის და ეს არ იქნება მხოლოდ ტერორიზმის ბრალი, ტერორიზმი ბრალეულობაა ყველა იმ ინფანტილური და ინდიფერენტული განწყობის მქონე ადამიანისა, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში ნეიტრალიტეტს და სიმშვიდეს არჩევს და არა სიმართლის და სამართლიანობის მხარეს დგომას.
„ისრაელის სახლმა“ დაიწყო აქტიურად მუშაობა ქნესეთში არსებულ მეგობრობის ჯგუფების ლიდერებთან, ამ საკითხის ერთობლივად პრიორიტეტიზაციისა და გადაწყვეტის მიზნით. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს ანტისემიტიზმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ცდილობს მოძებნოს ყველა საჭირო გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად.
ნანი ჯაბადარი
„ისრაელის სახლის“ იურისტი, პროექტ მენეჯერი