ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ გეგმავს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. ამის შესახებ მან სააგენტო Associated Press-ს განუცხადა.
სტოლტენბერგმა ეს განცხადება გააკეთა ცნობების ფონზე, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ, საფრანგეთმა, შესაძლოა განიხილოს უკრაინაში ჯარების გაგზავნა.
"ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავზარდეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატო-ს საბრძოლო ჯარების გაგზავნაზე უკრაინის მიწაზე", - თქვა მან.
26 თებერვალს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას.
ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
ამავდროულად, ევროპის სხვა ქვეყნებმა - პოლონეთმა, ჩეხეთმა, შვედეთმა - მხარი არ დაუჭირეს ამ იდეას და განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჯარების გაგზავნას უკრაინაში.
მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა კრემლიც, რომელიც დაემუქრა, რომ ამ შემთხვევაში „მოგვიწევს საუბარი არა ალბათობაზე, არამედ რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების გარდაუვალობაზე“.