23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
103 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი.
საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა.
1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. წითელარმიელების მასიური შემოტევა ქვეყნის ხუთი მხრიდან განახორციელა. ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან , სამი დანარჩენი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ განხორციელდა.
საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, გვარდიელები, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.
განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა.
19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა.
მარო მაყაშვილთან ერთად, დაიღუპნენ იუნკერები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).
24 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ.
25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.
1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.
იუნკერთა პატივსაცემად, 2010 წელს, საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
დღეს, 11:00 საათზე, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
დღეს, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, საბჭოთა კავშირი და ყველა ის უბედურება, რაც 1921 წელმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ რუსეთს კვლავინდებურად ამოძრავებს უსაზღვრო ინტერესი, გამართლებლად გაზარდოს თავისი გავლენები კავკასიის რეგიონზე, მით უფრო საქართველოზე.
103 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი ოკუპანტია!