საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მიაწვდის. კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
„როგორც დაგპირდით, ორი-სამი დღე დამჭირდება. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ ყველაფერთან დაკავშირებით. მანამდე დაგვჭირდება გარკვეული კონსულტაციები.
ეს რამდენიმე დღე იქნება საკმაოდ დატვირთული. მინდა, უშუალოდ მივიღო ინფორმაცია სტიქიასთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დატვირთული დღეები იქნება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი, მათ შორის საკადრო საკითხებში და ორშაბათს გაგიზიარებთ სრულ ინფორმაციას.
ჩაჩიბაია, სესიაშვილი – კონკრეტულად ეს ორი ადამიანი ღირებული კადრია, ისინი არიან პროფესიონალები. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილი ძალიან ღირებული კადრია. რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და ამის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.