მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, ოპოზიციის გზავნილების თანახმად, ფატალური რისკების წინაშე იყო, დღეს ჩართულია პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, თავად სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული.
„ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის რიტორიკა, შესაბამისი ნაწილის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით. მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, პირდაპირ ამას ამბობდნენ. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას ამბობდნენ დახლოებით ორი წლის განმავლობაში. დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში. თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მდგომაროება. ადამიანი, რომელიც, ოპოზიციის გზავნილების თანახმად, ფატალური რისკების წინაშე იყო, დღეს პოლიტიკაში არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, მანამდე რა იყო, არ ვიცით, მაგრამ თავად მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მდგომაროება სერიოზულად არის გაუმჯობესებული.
რაც შეეხება, რამდენად არის დამთრგუნველი, დამამცირებელი მდგომარეობა, მინდა, შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ციხეშიც კი, ის არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში. შეიძლება, ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, მე ამით დავითრგუნებოდი. არ ვიცი, რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.