რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრება. ინფორმაციას პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსულ მედიასთან ადასტურებს.
მისი თქმით, დელეგაცია 40 ადამიანისგან შედგება.
"დიახ, მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე საქართველოდან მიდის დელეგაცია, უკვე ჩამოყალიბებულია 40 კაციანი შემადგენლობა. მათ შორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივარიშვილი, არჩილ სიხარულიძე - ავტორი წიგნისა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში დამატებით ლიტერატურად გამოიყენება", - ამბობს ლორთქიფანიძე, რომელიც დელეგაციას უხელმძღვანელებს.
როგორც მან აღნიშნა, დელეგაციაში შედიან სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები.
ლორთქიფანიძის თქმით, მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი აღმოაჩენს ახალ სახელებს და ტალანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თანატოლებთან ერთად ააშენებენ მომავალს.
"მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებაა, აქტუალური პრობლემების განხილვისა და მშვიდობის მიღწევის პლატფორმა", - დასძინა ლორთქიფანიძემ.
ფესტივალი, რომელიც პუტინიც ინიციატივით დაარსდა, 29 თებერვალს დაიწყება და 7 მარტამდე გაგრძელდება.