თბილისის მერია წელს დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ გვქონდა და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ", - თქვა კალაძემ.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი დაჯდა, ჯამში - 259 მილიონი ლარი.
ამ დროისთვის, 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია. ჯერჯერობით ისინი მხოლოდ 4 ხაზზე მოძრაობენ - N301, N302, N308, N314.