ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი.
"დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით. დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო", - თქვა მღებრიშვილმა.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.