ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე
გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის
წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები,
კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.