ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში დაიმეწყრა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.
მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიას და მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო.
„სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად. ჩვენი ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ სტიქიურმა მოვლენებმა. მე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას: ქედის მუნიციპალიტეტიდან 70 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, შუახევის მუნიციპალიტეტიდან – 19, ხულოს მუნიციპალიტეტში – ერთი. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. პრობლემებია გზებზე. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არაერთი ზარი შემოდის. ვცდილობთ, ეტაპობრივად დავეხმაროთ ყველა ოჯახს საჭიროების მიხედვით. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები, თავი შეიკაონ გზებზე გადაადგილებისგან. ასევე, ყველას გვესმის, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დიდთოვლობის შედეგად მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში დაიღუპა ორი ადამიანი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა.