"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას "ერთობის პლატფორმის" დაფუძნებასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ამ ტიპის ფორმატებში მონაწილეობა საინტერესოა. "მთავარი ერთობაა - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ერთიანი ძალებით უნდა წავიდეს".
"მთავრობასთან და პარლამენტთან შედარებით ნამდვილად სხვა კლასია სალომე ზურაბიშვილი. გასაგებია, ეს განათლების დამსახურებაა, გამოცდილების დამსახურებაა და რაც ილაპარაკა, მე იმედი მაქვს, რომ გულწრფელი ტექსტი იყო. აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. მე ვიზიარებ ამ ამბავს, რომ მთავარი ერთობაა. ჩემთვის ეს ნამდვილად ასეა. და ერთიანი ძალებით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს. უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ადგილი დაუთმოს ახალ ადამიანებს და ახალ მისწრაფებებს ამ ქვეყნის, ნამდვილ მისწრაფებებს - ეს არის დასავლეთი და ეს არის უკეთესი ცხოვრება ამ ქვეყანაში. და, რაც მთავარია, დემოკრატია. ნამდვილი, დეპოლიტიზირებული სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და ყოველგვარი სუს-ის გარეშე. ამიტომ მე პირადად, ვფიქრობ, რომ ეს გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო ძალიან და ჩემთვის საინტერესოა ამ ტიპის ფორმატებში მონაწილეობა, სადაც განხილვა იქნება მომავლის, თანამშრომლობის და ცვლილებების და არა წარსულის ჩხრეკვა. კი, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს", - ამბობს ნიკა გვარამია "მთავარ არხთან" საუბარში.