ოფიციალური თბილისი სოხუმში ვიზიტად მყოფი ბელორუსი დეპუტატების განცხადებებს "საფრთხის შემცველად" არ აღიქვამს.
როგორც ბელორუს დეპუტატთა აღნიშნული ჯგუფის წევრთა განცხადებებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, აღნიშნული "არ ნიშნავს, რომ ბელორუსის სახელმწიფოც მათ პოზიციაზეა".
"ეს არის ცალკეული დეპუტატების პოზიცია და მათ არსებობის უფლება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პოზიციაც ანალოგიური იქნება. აქედან გამომდინარე, სოხუმში მყოფი ბელორუსი დეპუტატების განცხადებები ჩვენთვის საფრთხის შემცველი არ არის", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსი დეპუტატების იმ ჯგუფის წევრების თქმით, რომლებიც სოხუმში იმყოფებოდნენ, მათ აფხაზეთში ყველა ელემენტი ნახეს, რაც სუვერენული სახელმწიფოსთვის არის აუცილებელი.