თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. მეორე დღეა, მათ დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია.
სტუდენები სოლიდარობას უცხადებენ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას.
აკაკი ჩიქობავა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სტუნდენტები მოითხოვენ გამოსახლების შეჩერებას და დაკავებულების გათავისუფლებას. ამასთან, ისინი მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შეუერთდეს მათ მოთხოვნებს და უნივერსიტეტში გაფიცვა გამოცხადდეს.
სტუდენტები ითხოვენ უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას. მათი თქმით, სამუშიამ შეხვედრაზე უარი განაცხადა, ვიდრე სტუდენტებს დაკავებული აქვთ კანცელარია.
"პირველი ღამე გავათენეთ აქ, არსებობს ადამიანური რესურსი, არსებობს ენერგია, რომ ჩვენ ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე. რექტორმა შეწყვიტა გუშინ აზერბაიჯანში ვიზიტი, დაბრუნდა ქალაქში და გვეგონა, რომ შეგვხვდებოდა. თუმცაღა, ის უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ კანცელარიის ოთახი გვაქვს დაკავებული და ამიტომ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე. ჩვენ გვგონია, რომ ეს სიჯიუტე არ არის საჭირო. სინამდვილეში ჩვენ ერთ მხარეს ვართ, ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ," - ამბობს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრი, ტატო ჩანგელია.
შეგახსენებთ, 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს.
პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამუფძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებას ედავება.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.