27 იანვარს მსოფლიოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
2021 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
ხსოვნის დღეს ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ.
ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს თარიღი დაკავშირებულია 1945 წლის 27 იანვართან, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე ნაცისტური "სიკვდილის ბანაკიდან" აუშვიციდან სიკვდილისთვის განწირული, ათასობით დატყვევებული ადამიანი გაათავისუფლეს.
ნაცისტურმა გერმანიამ 1941-1945 წლებში, 6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაცისტურმი რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით ებრაელებს დევნიდა.
სწორედ აუშვიცის ბანაკი იყო ნაცისტური გერმანიის სისასტიკის მთავარი ცენტრი, სადაც ადამიანებს ატყვევებდნენ და სასტიკი მეთოდებით უსწრაფებდნენ სიცოცხლეს. 1947 წლიდან ამ ტერიტორიაზე მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
2006 წლიდან, გაეროს გადაწყვეტილებით, აუშვიცის გათავისუფლების თარიღი აღინიშნება, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.