რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ არჩევა პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე. ამის შესახებ მან CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ "იგნორირება გაუკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის არაერთ კეთილი ნების ჟესტს".
მისი მტკიცებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროიდან გაუარესება დაიწყო.
გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხით.
ლავროვი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში. იქ მან კვლავ დაადანაშაულა შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები, თითქოსდა ისინი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებენ.
ვაშინგტონს ლავროვის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.