ალკოჰოლის არც ერთი წვეთი ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანი არ არის, - ამის შესახებ „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს, ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულმა ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ სისტემურმა მიმოხილვამ დაანგრია მითი, რომ 1 ჭიქა ალკოჰოლი სასარგებლოა,
"ცოტა ხნის წინ, გამოიცა სისტემური მიმოხილვა, ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ. ამ მიმოხილვის მიხედვით, ასეთი დებულება იყო მხარდაჭერილი, რომ ალკოჰოლის არც ერთი წვეთი ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანი არ არის. ანუ, მითია, რომ ალკოჰოლი სასარგებლოა, საღამოს 1 ჭიქა წითელი ღვინო და ა.შ. მიმოხილვამ აჩვენა, რომ არ არის სასარგებლო. ანუ, ეს მიმოხილვა იმას კი არ ამტკიცებს, რომ დიდი ზიანის მომტანია, არამედ ის მითი რომ სასარგებლოა, დაანგრია", - განაცხადა ირმა კირძაძემ.
"ალტერნატივა ჯორჯიამ" ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული მორიგი ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა.