მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ დღეს მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის მეორე საქმეში ბრალდებულებად აღიარა. ბრალდებულებმა სასამართლოს განაჩენისადმი ინტერესი არ გამოამჟღავნეს - ლებედევი სასამართლოში წიგნს კითხულობდა ხოლო ხოდორკოვსკი კი ქაღალდებში იჩიჩქნებოდა.
მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ კომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელების განაჩენის კითხვა დაიწყო. მათ წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო "მსხვილი და ძალიან მსხვილი ოდენობით სხვისი ქონების დატაცებაში და ლეგალიზაციაში". სასამართლომ ისინი "იუკოსის" ნავთობის დატაცებაში ბრალდებულებად აღიარა.
საინტერესოა, რომ ლებედევი სასამართლო სხდომაზე, განაჩენის კითხვის დროს წიგნს კითხულობდა, ხოდორკოვსკი რა რაღაც ქაღალდებში იჩიჩქნებოდა.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ სასამართლო შენობასთან მიმდინარეობს აქცია, რომელიც ბრალდებულთა მხარდასაჭერადაა შეკრებილი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "თავისუფლება!" და "სირცხვილი!" სულ სასამართლოს შენობასთან შეკრებილის 300 მდე ადამიანი. რუსული მედია ასევე იუწყება აღნიშნულ აქციაზე მილიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პროკურატურა ბრალდებულთათვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განაჩენის წაკითხვას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მიხეილ ხოდორკოვსკისა და "მენატეპის" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ.
2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38 პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში. მსჯავრდებულები და მათი დაცვა გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ.
ე.წ. "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
მიხეილ ხოდორკოვსკის ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა ხოდორკოვსკი საქმეზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა - "ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, ხოლო რაც შეეხება ხოდორკოვსკის მას ბრალად დატაცება აქვს წაყენებული, თან საკმაოდ სოლიდური".
პირადად ხოდორკოვსკი თავის წინააღმდეგ აღძრულ მეორე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურს და კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი თავისუფლებაზე გამოსვლა არ სურთ. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლებრივ დევნას კი მიხეილ ხოდორკოვსკი იმით ხსნით, რომ იგი დამოუკიდებელ ოპოზიციას უჭერდა მხარს.