შეერთებული შტტების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკური პარტიის მიერ ჩატარებულ შიდაპარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე (კოკუსი), რომელიც აიოვას შტატში გაიმართა.
ხმების 51% დონალდ ტრამპმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ მისი კონკურენტები რესპუბლიკური პარტიიდან ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი და გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი. დესანტისმა ხმების 21.2 % მიიღო, ჰეილიმ - 19.1
ტრამპმს მონაწილეობა არ მიუღია რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის გამართულ არცერთ დებატში.
ამავდროულად, აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა მულტიმილიონერი რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი. მან აიოვას კოკუსში ხმების დაახლოებით 8 პროცენტი მიიღო. რამასვამიმ განაცხადა, რომ მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს.
პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად შემდეგი ეტაპია რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი, რომელიც 23 იანვარს ნიუ ჰემპშირის შტატში გაიმართება.
რესპუბლიკურ პარტიას თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულის ბოლომდე უნდა წარადგინოს. ფორმალურად, მას ივლისში პარტიის ყრილობაზე წარადგენენ. თავად საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დანიშნული. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები კვლავ დონალდ ტრამპი და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნებიან.
შეგახსენებთ, კოლორადოს და მეინის შტატებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაუშვან დონალდ ტრამპის მონაწილეობა პრაიმერიზში, რომელიც 5 მარტს არის დაგეგმილი. რამდენიმე შტატი ჯერ კიდევ განიხილავს ამ საკითხს. კოლორადოს და მეინის შტატების განმარტებით, 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზებისთვის, ტრამპს არ აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივსა უზენაეს სასამრთლოში, რომელმაც სარჩელი განხილვაში მიიღო.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არაერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, თაღლითობისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობის ბრალდებით. ექსპერტების თქმით, ეს სასამართლო პროცესები ხელს არ შეუშლის ტრამპს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნების მცდელობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. იგი მიიჩნევს, რომ ტრამპი მზად არის, ძალაუფლებას შესწიროს მთელი ამერიკული დემოკრატიული სისტემა. „მხოლოდ დემოკრატების გამარჯვებას შეუძლია ამერიკის გადარჩენა“, - ამბობს ის.