ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პალესტინელი მებრძოლები ახლა მოქმედებდნენ მხოლოდ ცალკეულად და "მეთაურების გარეშე".
მისი თქმით, ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში გაანადგურა დაახლოებით 8000 მებრძოლი.
ჰაგარის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ ლიკვიდაციაზე ღაზას სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან 22 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლებებს თავს დაესხნენ და 1200 ადამიანი მოკლეს და ათობით პირი მძევლად აიყვანეს. ამ დროისთვის დაჯგუფების ტყვეობაში 120-ზე მეტი ადამიანი რჩება.