იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მიიჩნევს, რომ უკრაინის იარაღით მომარაგება მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთთან ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი იყოს უზრუნველყოფილი, „წინააღმდეგ შემთხვევაში ომი იტალიას შეიძლება მიუახლოვდეს“.
მელონის განცხადებას, რომელიც მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სააგენტო ANSA ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც „დასავლეთი უკრაინას იარაღით არ უნდა დაეხმაროს, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას იწვევს“.
„მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქითაა. ერთადერთი შანსი, რომ უკრაინა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მიაღწიოს ნებისმიერ დიპლომატიურ გადაწყვეტილებას, არის ბალანსის შენარჩუნება, ბალანსი ადგილზე ძალებს შორის“, - თქვა მან.
„და ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მათთვის, ვინც ამბობს, რომ არ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ გვექნებოდა ომი ჩვენს სახლებთან უფრო ახლოს“, - დასძინა მელონიმ.
შეგახსენებთ, დეკემბერში იტალიის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური დახმარების 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას. ახლა ეს გადაწყვეტილება იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.