ჩვენმა ეკონომიკამ და საბანკო-საფინანსო სისტემამ, რომლის ზედამხედველობასა და სტაბილურობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, გაუძლო არსებულ გარე შოკებს და აჩვენა საკმაოდ მაღალი მედეგობა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი რისკი გარე შოკებსა და წინასწარ გაუთვალისწინებელ ფაქტორებშია, რაც შესაძლოა, დიდი წნეხი აღმოჩნდეს ნებისმიერი ეკონომიკისთვის, მათ შორის ჩვენი მსგავსი პატარა ღია ტიპის ეკონომიკისთვის.
„არავის გაუკვირდება, რომ სხვადასხვა პოტენციური რისკების შეფასებისას გარე რისკებს და შოკებს ვაყენებთ პირველ ადგილზე, რადგან ორი ძალიან მნიშვნელოვანი შოკი გადავიტანეთ ზედიზედ. პირველი ეს იყო კოვიდპანდემია, რომლიდან აღდგენაც პრაქტიკულად, ახლახან დასრულდა. ხოლო მეორე დიდი შოკი, გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რუსეთ უკრაინის ომის და ახლო აღმოსავლეთში განვითრებული ესკალაცია. ორივე ამ ტრაგედიამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს რეგიონზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შოკების ფონზე, საფინანსო სისტემამ გაუძლო და აჩვენა მაღალი დონის მედეგობა. ეს გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ მსგავს შოკებს მომავალშიც გავუძლებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.