24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი. შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
მოქალაქემ, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა დახმარება ითხოვა, ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ძაღლს სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება - თავის ტრავმა, რაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია, გულ-მკერდის არეში ჩარჩენილი აქვს პნევმატური იარაღის ტყვია. შეშუპებული აქვს ფილტვები. დარღვეული აქვს თავის ქალის მთლიანობა. მას უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, ძაღლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.