ისრაელი და "ჰამასი" მზად არის მიაღწიონ ახალ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული უთანხმოება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის. ინფორმაციას Reuters ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იმედი შაბათს გაჩნდა, როდესაც წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი პარასკევს ესაუბრა კატარის პრემიერ-მინისტრს.
წყაროები აცხადებენ, რომ "ჰამასი" დაჟინებით მოითხოვს ცალმხრივად განსაზღვროს გასათავისუფლებელი მძევლების სია და ითხოვს ისრაელის ჯარების გაყვანას წინასწარ განსაზღვრული ხაზის მიღმა", - აღნიშნავს სააგენტო.
გამოცემის წყაროების თქმით, ისრაელი დათანხმდა "ჰამასის" მიერ სიის შედგენას, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის დროისა და ხანგრძლივობის დადგენამდე სიის ნახვა მოითხოვა და ჯარების გაყვანაზე უარი თქვა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადაწყვეტილი აქვს დაასრულოს "ჰამასის" ლიკვიდაციის ამოცანა", - განაცხადა ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარმა.
ამასთან, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტა მძევლების გათავისუფლების წინაპირობაა.
"ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად. ეს არის ნებისმიერი დისკუსიის საფუძველი“, - აღნიშნა "ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი აბუ ზუხრიმ.
წყაროების თქმით, ეგვიპტე და კატარი, დაჟინებით მოითხოვდნენ დახმარების სასწრაფოდ მიწოდებას და ქერემ შალომის გადასასვლელის გახსნას ნებისმიერი მოლაპარაკების წინ,
ისრაელსა და ღაზას შორის ომის დაწყებიდან ქერემ შალომის სასაზღვრო პუნქტი კვირას, 17 დეკემბერს პირველად გაიხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გააორმაგებს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების რაოდენობას ღაზის მოსახლეობისათვის.