რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, მაგრამ შესაძლოა დააკავონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.
მან განმარტა, რომ პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, მაგრამ მას მოუწევს ამ ვიზიტის „შედეგების შეფასება“.
"თუ პუტინი ჩამოვა ბრაზილიაში G20-ის შეხვედრაზე, მან იცის, რა შეიძლება მოხდეს", - თქვა ლულამ.
როგორც ცნობილია, 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ბრალდებული.
როგორც სასამართლოს განცხადებაში ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, „სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“.