3 ნოემბერს ისრაელელმა სამხედროებმა, სასწრაფო დახმარების მანქანაზე იერიში დაადასტურეს. მათი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანას ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ.
ამის შემდეგ პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებამ განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter). მათი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონას ორჯერ დაარტყეს, როცა ის ალ-შიფას საავადმყოფოში ბრუნდებოდა, ღაზადან რაფაჰის გადასასვლელის გავლით პაციენტების გაყვანის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
ერთ-ერთი მანქანა საავადმყოფოდან 1 კმ-ში დაზიანდა, მეორე კი ფაქტობრივად საავადმყოფოს ჭიშკართან, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პაციენტები საავადმყოფოში უნდა შეეყვანათ.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, როდესაც მეორე სასწრაფო დახმარების მანქანას "ისრაელის სამხედროების მიერ გასროლილი რაკეტა საავადმყოფოს ჭიშკრიდან სულ რაღაც ორ მეტრში მოხვდა".
განცხადებაში ნათქვამია, რომ სასწრაფო დახმარების ხუთი მანქანისგან შემდგარი კოლონა ცდილობდა დაჭრილების გადაყვანას ალ შიფას საავადმყოფოდან რაფაჰის სასაზღვრო პუნქტისკენ, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან გზა ნამსხვრევებით იყო ჩახერგილი.
მანამდე, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც „ჰამასი“ მართავს, განაცხადა, რომ ალ შიფას საავადმყოფოს მახლობლად აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. მათივე განმარტებით, „ჰამასი“ სასწრაფო დახმარების მანქანებს მებრძოლების გადასაყვანად და იარაღის გადასაზიდად იყენებს.