ისრაელის არმია ალ-შიფას საავადმყოფოსთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე განხორციელებულ თავდასხმას ადასტურებს.
თავდაცვის ძალების განმარტებით, მანქანას "ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ, მათივე განცხადებით, დარტყმის შედეგად მოკლულია ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მართვის მეთოდია ტერორისტი მებრძოლები და შეიარაღება სასწრაფო დახმარების ავტომობილებით გადაიყვანონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი რაფაჰის საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ბრუნდებოდა, სადაც დაშავებული პალესტინელები გადაჰყავდათ, რა დროსაც დარტყმა განხორციელდა.
პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოებამ საავადმყოფოს ტერიტორიიდან დაზიანებული სასწრაფო დახმარების ავტომობილის ფოტოც გამოაქვეყნა.