ძალიან კარგი და ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა, დახურული ფორმატი ამ დროს ყოველთვის ამართლებს. ოპოზიციიდან ძალიან კონსტრუქციული ჩართულობა იყო. მათ ყველა კითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი, მათ შორის პასუხები, რომელიც საჯაროდ არ ითქმის და იქაც მოვისმინეთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მადლობები. ყველა დეტალი იქნა განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, პაპუაშვილის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული დამატებითი დეტალები მოისმინეს.
„მე მგონი, ყველაზე ზუსტი და სწორი შეფასება გააკეთა თავად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, მათ აქვთ მოტივაცია. აქ პროფესიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, ჩვენ მოვისმინეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული დამატებითი დეტალები, თუმცა ვფიქრობ, ის, რაც საჯაროდაც იყო გამოსული, ის ტექსტები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით ე.წ ტრენინგიდან, უკვე ისედაც თავის თავზე მეტყველებს. სამწუხაროა, ჩვენ სათანადო განმარტებები და გამიჯვნა ამ პროცესებიდან დღემდე არ მოგვისმენია დონორი ორგანიზაციის მხრიდან. უსაფრთხოების სამსახური იძიებს ამ საკითხს და რა თქმა უნდა, საბოლოო წერტილამდეც მივა. ამაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა მოსმენის დროს, რომ თვითონ მასალა არის რამდენიმე საათი და რაც გამოქვეყნდა, იყო რამდენიმე წუთი, რვა წუთი იყო, თუმცა იმ რამდენიმესაათიანი მასალიდან მცირედი, მიზერული ნაწილიც კი გვაჩვენებდა მის შინაარსს. არის კიდევ ცალკე მასალაც, რომელიც თუკი გამოძიება ჩათვლის საჭიროდ გაასაჯაროვდება. მთავარია ერთი რამ და ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გაასაჯაროვა თავად ფაქტი, რომ გამოძიება მიდიოდა, რადგან ეს იყო განმსაზღვრელი, მათ შორის გარკვეული რისკების შესამცირებლად და საზოგადოების გასაფრთხილებლად, რომ არის გარკვეული რადიკალური გეგმები, რომლის განხორციელებასაც ესა თუ ის რადიკალური ჯგუფი ცდილობს. საბოლოო ჯამში, ესეც ადასტურებს, რომ ეფექტიანად მუშაობს უსაფრთხოების სამსახური. ყველა, გარე თუ შიდა რისკი საქართველოსი ბოლო წლების განმავლობაში ვერ რეალიზდა. სახელმწიფო სტაბილურად ვითარდება, რაც ჩვენი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი, ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.
გუშინ მე უსაფრთხოების სამსახურსაც გადავუხადე მადლობა, რომ ჩვენ, სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, გამოქვეყნდა მსოფლიო რუკა, კონფლიქტების რუკა, სადაც შეფერილობა იყო ქვეყნების იმის მიხედვით, რამდენად ინტენსიური კონფლიქტი არის ამა თუ იმ ქვეყანაში. თუკი ნახეთ ეს რუკა, ყველას მოგხვდებოდათ თვალში, რომ ყვითლიდან წითლისკენ მიდიოდა კონფლიქტების ინტენსივობიდან გამომდინარე შეფერილობა ამა თუ იმ ქვეყნის. საქართველო იყო მონიშნული თეთრად ისევე, როგორც ევროკავშირი. ჩვენს გარშემო მთლიანად შეფერილი არის ყველა ქვეყანა და სწორედ ის, რომ ეს არის უსაფრთხოების გარკვეული კუნძული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი ტერიტორია არის ოკუპირებული, უსაფრთხოების კუნძულად ვართ ჩვენ და ეს არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.