ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლები ბარბაროსი ტერორისტები არიან.
ისრაელის მთავრობის მეთაური უარყოფს ინფორმაციას, რომ დარტყმა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს.
„მთელმა მსოფლიომ იცის: ისინი, ვინც თავს დაესხნენ ღაზის ჰოსპიტალს, არიან ბარბაროსი ტერორისტები და არა ისრაელის თავდაცვის ძალები“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალები საავადმყოფოში აფეთქებაზე პასუხისმგებლობას „ისლამურ ჯიჰადს“ აკისრებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც “ჰამასის” ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებულმა გაუმართავმა რაკეტამ გამოიწვია.
„ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.