ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
„არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის ჩამოყალიბების“ პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებას, ეკოტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას. აღნიშნული პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს არის მორგებული.
კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარების საკითხებზე, სამომავლო ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე.
„ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების გაფართოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილია. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაწილია - ეროვნულ პარკებთან ერთად ვქმნით დაცულ ლანდშაფტებს, სადაც მმართველობის სისტემაში მუნიციპალიტეტების როლი მნიშვნელოვანია და მათ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები ენიჭებათ. ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესებში მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ მუნიციპალიტეტების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, იქნება ეს ცენტრალური ბიუჯეტის თუ დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, მოერგოს იმ საჭიროებებს, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა - მოხდა ტყეების ინვენტაცირაზია, ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, რაც ხელს უწყობს არაგვის დაცული ლანდშაფტის სრულყოფას და გაძლიერებას თანამედროვე მართვის სტანდარტებთან დაახლოებისთვის”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დაცული ლანდშაფტი დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი კატეგორიაა, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
პროექტი „არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის ჩამოყალიბება" 2018 წლიდან ხორციელდება პროგრამის „არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება" ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების და ავსტრიის განვითარების სააგენტოების, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.