სულ უფრო პოლპულარული ხდება ევროკავშირის სპორტული ფორუმი, რომლის დევიზია: სპორტი საზოგადოების ერთიანობისა და სოციალური ჩართულობისთვის! საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო გავრცელების, ათვისებისა და საკუთრების ხელშეწყობის მიზნით, ევროკომისიას სურს გაფართოვდეს სპორტული მოძრაობები ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეებზე; უფრო მეტად გააქტიურდნენ ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოები (სამინისტროები), ქალაქები და რეგიონები (ადგილობრივი მთავრობები) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, Erasmus+ პროგრამის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვ.
წელს საქართველო მეექვსედ შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს, ევროკომისიის მიერ 2018 წელს დაწყებულ ინიციატივას: #BEACTIVE - იყავი აქტიური! ამ დევიზით წელს კიკვიძის პარკში მოეწყო დიდი სპორტული ზეიმი, რომელშიაც უამრავმა ბავშვმა და ახალგაზრდამ, ასევე უფროსი ასაკის ადამიანმა მოსინჯა საკუთარი ძალა 20-ზე მეტ სპორტულ სახეობაში: ქართული ტრადიციული თამაშები; გასართობი ბეისბოლი; უშუ; ბადმინტონი; მინი ფეხბურთი; გასართობი ამერიკული ფეხბურთი; მაგიდის ჩოგბურთი; ბავშვთა ძიუდო; ბავშვთა გასართობი კუთხე; სახალისო ხელბურთი; ნორდიული სიარული; ქუჩის კალათბურთი; ფრისბი (მფრინავი თეფში); აკრობატიკა; მხატვრული ტანვარჯიში; აერობიკა-პილატესი; სკეიტბორდინგი; ფრენბურთი; ფარიკაობა და სხვ. ასევე ფართოდ იყო წრმოდგენილი სამაგიდო სახეობები - ჭადრაკი, ნარდი, გო, შაში;
სპორტულ და ფიზიკურ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის დონის ასამაღლებლად ძალ-ღონეს არ იშურებს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ (ი.მეძმარიაშვილი, მ.აზარაშვილი, მ.შაფაქიძე) მათი ორგანიზებით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე ეწყობა სპორტული ღონისძიებები, იმ გათვლით, რომ ქალაქის არცერთი უბანი არ დარჩეს ყურადღების გარეშე, მაგალითად, შარშან თუ მზიურის პარკი მოიცვა სპორტულმა ღონისძიებებმა, წელს კიკვიძის პარკი იყო მასპინძელი, მომავალ წელს ვარკეთილში გაიმართება ასპარეზი, შემდეგ წელს გლდანში და ა.შ.
ფედერაციას აქრიურად უდგანან გვერდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თითქმის ყველა ეროვნული სპორტული ფედერაციები.
წლევანდელ საზეიმო განწყობას მეტი ელფერი შესძინა ევროკომისიის #BEACTIVE-ის ფორუმზე საქართველოდან კეთილი ნების ელჩის წარდგინებამ. ეს სტატუსი მიენიჭა 77 წლის ჰენრი კუპრაშვილს, ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონს სპორტის სხვადასხვა სახეობაში (6 ზამთრის ცურვაში, 3 ბიატლსა და ტრიატლში), სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს.