გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, იგეგმება კომიტეტსა და იურიდიულ ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთი მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების და მეორე მხრივ, სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში შემავალ საკითხებზე პარლამენტის საქმიანობაში ფაკულტეტისა და მისი სტუდენტების ექსპერტული მხარდაჭერის გზით.
მემორანდუმის თანახმად გაიზრდება იურიდიული ფაკულტეტის ჩართულობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის პოლიტიკის სამართლებრივ უზრუნველყოფაში.
შეხვედრაში უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
კომიტეტში ასევე გაიმართა სტაჟირებაგავლილი სტუდენტების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია.
„გარემოს დაცვა ის სფეროა, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, რომელიც პრაქტიკულად პრიორიტეტად იქცა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საქართველოსთვის და ჩვენთვის სასიხარულო იქნება თუ თქვენი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება იქნება“, - მიმართა მაია ბითაძემ სტუდენტებს.